საქართველოს ნაკრები 2022 წლის ევრობასკეტის მეოთხე დღეს, ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 80-ით 93 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ბულგარელებმა 19 სამქულიანის ჩაგდება მოახერხეს, სტუმართა რიგებიდან გამორჩეულად კარგი შეხვედრა ჩაატარა დი ბოსტმა, რომელმაც 33 ქულა 4 მოხსნისა და 12 ასისტის დაგროვება შეძლო.
ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო გოგა ბითაძე, მან 21 ქულა 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მაკფადენის მონაგარი 19 ქულა იყო, სანაძემ და შერმადინმა - 10-10 ქულა მიითვალეს, მამუკელაშვილს კი მორიგი ორმაგი დუბლი ჰქონდა - 13 ქულა, 11 მოხსნა. დღეს ეროვნული გუნდის მაისურით მე-200 მატჩი ჩაატარა გიორგი ცინცაძემ, რაც ქართული კალათბურთისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე მესამე მარცხი განიცადა და მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ხვალ, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. ბულგარეთის ნაკრებმა კი ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა, ბარხოვსკის გუნდი ხვალ 18:15 საათზე ბელგიას დაუპირისპირდება.
ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს - იმ შემთხვევაში, თუ ხვალ მონტენეგროსთან დადებით შედეგს დავაფიქსირებთ და ბელგია ბულგარეთს დაამარცხებს, მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.