რთველი 2022-ის ფარგლებში, კახეთში 20 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 6 სექტემბრის მდგომარეობით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 1 000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 16 მლნ ლარს აღწევს. რთველი აქტიურ ფაზაშია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.
გადამუშავებული 20 ათასი ტონიდან 7 ათას ტონამდე რქაწითელი, 9 ათას ტონამდე საფერავი, 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
სააგენტოს ცნობით, სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კილოგრამ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს.