საფრანგეთი სარაგბო ჩემპიონატის პირველ ტურში ვანო კარკაძისა და ვასილ ლობჟანიძის ბრივმა დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის ლიონს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში - 27:31 დამარცხდა.
კარკაძემ, საღინაძემ და ნინიაშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს, ხოლო ლობჟანიძე შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. ბექა საღინაძემ 65-ე წუთზე ბრივს ლელო გაუტანა და ლიონის უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა, რითიც კლუბს გამარჯვება გაუნაღდა. სარაგბო გამოცემა RUGBYRAMA ნინიაშვილის კარგ თამაშს გამოეხმაურა. ფრანგული მედია წერს, რომ ნინიაშვილი გასული სეზონის აღმოჩენაა და ეს სტაბილურობა უნდა შეინარჩუნოს.
"გასული სეზონის აღმოჩენა დავით ნინიაშვილი რეგულარულად უნდა აღმოჩნდეს გამორჩეულთა კატეგორიაში. ლიონის მორაგბე ჰიპერაქტიური იყო, თამაშის მიმდინარეობისას ყოველთვის სთავაზობდა თანაგუნდელებს, რომ ბურთი მის ფლანგზე ყოფილიყო. მან ბურთი 18-ჯერ წაიღო და ასევე რვა ბოჭვას გაექცა. ლიონის მეორე და მეოთხე ლელოები მისი კარგი თამაშის წყალობით შეიქმნა. მისი თამაშის ხარისხი ლიონის მოგებაში დაეხმარა", - წერს რაგბირამა.
ლიონი პირველ ტურში მოგების შემდეგ ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. ბრივმა პრემიალური ქულა მოიპოვა და 14 გუნდში მე-10 ადგილს იკავებს.