საქართველოში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი 9-წლიან მაქსიმუმზეა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 7 თვეში ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 370.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2013 წლის შემდეგ (387.3 მლნ) ყველაზე მაღალია, 2021 წლის მაჩვენებელს (248.3 მლნ) კი 49.3%-ით აღემატება.
რეკორდულ ნიშნულზეა იმპორტიც - წელს ქვეყანაში 759.7 მილიონი დოლარის მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა, რაც, საქსტატის მონაცემებით, მინიმუმ 2009 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია და გასული წლის მაჩვენებელს (509.6 მლნ) 49%-ით აღემატება. უმსხვილესი შემომტანები აშშ, იაპონია, გერმანია, თურქეთი და კორეის რესპუბლიკა არიან.კომპანია „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ რეექსპორტის ამგვარ ზრდას 2 მიზეზი, აქციზის გადასახადის ცვლილება და ძვირად ღირებული მანქანების შემოდინება განაპირობებს.
ავტომობილების ექსპორტს საქართველოს მთლიან ექსპორტში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს - 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 10.8% შეადგინა და უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებში მეოთხე ადგილი დაიკავა, მთლიანმა შემოსავალმა კი 456.5 მილიონ დოლარს გადააჭარბა.