პოლიციამ სიღნაღში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავა - Palitra News

პოლიციამ სიღნაღში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავა

2022-09-05 11:24:54+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული შ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეუღლე - 1995 წელს დაბადებული მ.ა. სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში დაჭრა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა შ.ხ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.