სერია ა-ს მეხუთე ტურში ნაპოლი გასვლაზე ლაციოს დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ კი მაყურებელს ნამდვილი შოუ შესთავაზა. გასულ მატჩში „ლეჩესთან“ წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა სპალეტიმ ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა და ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააბრუნა. რომაელები დებიუტში დაწინაურდნენ, რის შემდეგაც სტუმრები ბევრს უტევდნენ და მათ რიგებში გამორჩეული ქართველი გახლდათ.
პირველ ტაიმში ხვიჩას ორი საგოლე მომენტი ჰქონდა: ჯერ 34-ე წუთზე სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს ბურთი წაართვა და საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა, თუმცა მეკარემ აჯობა. ორი წუთის შემდეგ კი შედევრი შექმნა და სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო გოლამდე ძალიან ცოტა დააკლდა: კვარამ ზიდანის ფინტით გვერდი ლუის ალბერტოს აუარა და დაახლოებით 30 მეტრიდან გაისროლა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა... მე-2 ტაიმი ნაპოლიმ საოცრად დაიწყო და დაახლოებით 5-წუთიან ინტერვალში 5 საგოლე მომენტი შექმნა! სამ შემთხვევაში მთავარი გმირი ხვიჩა იყო. 61-ე წუთზე კი ზამბო ანგისას პასის შემდეგ ხვიჩამ უძლიერესად დაარტყა და ნაპოლის გამარჯვების მომტანი გოლი მოუტანა. ლუჩანო სპალეტიმ წინა მატჩების ტრადიციას არ უღალატა და მატჩის ცალსახად საუკეთესო ფეხბურთელი 68-ე წუთზე შეცვალა.
"აძურის" სერია A-ს ხუთ ტურში 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მილანთან ერთად ლიდერია. მომდევნო ტურში, 10 სექტემბერს, ნეაპოლური კლუბი სპეციას უმასპინძლებს, თუმცა მანამდე კვარას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, 7 სექტემბერს, ლივერპულის წინააღმდეგ ექნება.