შეერთებული შტატები ტაივანისთვის 1.1 მილიარდი აშშ დოლარის იარაღის მიყიდვას დასთანხმდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეთანხმება მოიცავს სარადარო სისტემას და ხომალდსაწინააღმდეგო და საზენიტო-სარაკეტო სისტემებს. კერძოდ, პაკეტში შედის 655 მილიონი დოლარი სარადარო გამაფრთხილებელი სისტემისთვის, 355 მილიონი დოლარი 60 ერთეული Harpoon ტიპის რაკეტისთვის, რომლებსაც გემების ჩაძირვა შეუძლიათ და 85.6 მილიონი აშშ დოლარი Sidewinder-ის ტიპის "მიწა-ჰაერი" და "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტებისთვის. შეიარაღების გაყიდვასთან დაკავშირებულ შეთანხმების დამტკიცებისთვის კონგრესის მხარდაჭერაა საჭირო. ტაივანისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილებას ჩინეთის ხელისუფლებაში გამოეხმაურნენ. ჩინეთის საელჩომ ვაშინგტონში შეერთებულ შტატებს შეთანხმების გაუქმებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პეკინის მხრიდან საპასუხო ზომებით დაიმუქრა.