მმართველი პარტია მზადაა საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევა იმ წესის მიხედვით მოახდინონ, რაც ოპოზიციასთან საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში შეჯერდა. პარტიის თავმჯდომარის განმარტებით, მათი ასეთი გადაწყვეტილება 12 რეკომენდაციის შესრულებას ეფუძნება. საპარლამენტო უმრავლესობამ აღნიშნული კონსტიტუციური კანონის პროექტი ოფიციალურად უკვე დააინიცირა. კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს აირჩევს 3/5-ის უმრავლესობით, 6 წლის ვადით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა 3/5-ს ვერ მიიღებს, გენერალური პროკურორი აირჩევა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ ერთი წლის ვადით.