დღეს რიყის პარკში, 21საათსა და 30 წუთზე ევრობასკეტის გახსნის ცერემონიალი გაიმართება. რიყის პარკის ტერიტორიაზე 31 აგვისტოდან მოეწყობა ფანზონა, სადაც ევრობასკეტის დღეებში გულშემატკივრებს დიდ ეკრანზე შეეძლებათ ევრობასკეტის მატჩების ყურება და ეროვნული ნაკრების ქომაგობა.
ფანზონა დატვირთული იქნება მრავალფეროვანი სივრცეებითა და აქტივობებით. რიყის პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა ქართული კალათბურთის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ისტორიის ხეივანი, 3×3 საკალათბურთო მოედანი, ეროვნული ნაკრების ფან-შოპი, სპონსორების, კვების, ბავშვთა გასართობი და ელექტრონული თამაშების კუთხეები.ევრობასკეტთან ასოცირებულ ფერებში განათდება თბილისის ანძა, მშვიდობის ხიდი და ეშმაკის ბორბალი.
საქართველო ისტორიულ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში – FIBA ევრობასკეტ-2022-ს ჩეხეთთან, იტალიასთან და გერმანიასთან ერთად 1-7 სექტემბერს პირველად მასპინძლობს.ევრობასკეტ-2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროს და საქართველოს ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას, „თბილისი არენაზე“ გაიმართება.