ერაყის დედაქალაქ ბაღდადის „მწვანე ზონაში“ მომხდარი შეტაკების შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. დაპირისპირება მოჰყვა შიიტი სასულიერო პირის, მოქტადა ალ-სადრის განცხადებას, რომ ის პოლიტიკას ტოვებს. ამ განცხადების შემდეგ სადრის მხარდამჭერები პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ალ-სადრის მხარდამჭერების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათია დაწესებული. 48 წლის მოქტადა ალ-სადრი ბოლო ოცი წლის მანძილზე ერაყის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში დომინანტური ფიგურაა. სადრი ბოლო დროს ერაყის შიიტ მეზობელს გაემიჯნა და აცხადებს, რომ სურს წერტილი დაუსვას ერაყის საშინაო საქმეებზე აშშ-ისა და ირანის გავლენას.