L'Equipe-ის ინფორმაციით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ზურიკო დავითაშვილი დინამო ბათუმიდან ფრანგულ ბორდოში გადავა. ფრანგული მედიის ცნობით, აღნიშნული ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ ბორდო კლუბის სახელფასო ფონდს შეამცირებს.
ბორდო შემტევი პოტენციალის გაძლიერებას ცდილობს, რისთვისაც საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერი შესანიშნავი ვარიანტია. ფრანგული მედიის ცნობით, დინამო ბათუმთან შეთანხმება იჯარაზე უკვე მიღწეულია, ხოლო შემდეგი სეზონის ბოლოს ფრანგებს ახალგაზრდა ქართველის გამოსყიდვაც შეეძლებათ.
ეკიპი წერს, რომ დავითაშვილს ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, რაც 21 წლის ფეხბურთელის დიდი უპირატესობაა. დავითაშვილის ტრანსფერი მას მერე გახდა რეალური, რაც ფენერბაჰჩესთან მოლაპარაკება ბურაქ კაპაჩაკის თაობაზე საბოლოოდ წარუმატებლად დასრულდა.
შეგახსენებთ, ამჟამად ბორდო ლიგა 2-ში ასპარეზობს, სადაც 5 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-5 პოზიციაზეა. ბორდო ლიგა 1-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კლუბია - ეს გუნდი საფრანგეთის პირველობის 6-გზის ჩემპიონია. ბოლოს ჟირონდელებმა საფრანგეთის ჩემპიონობა 2009 წელს იზეიმეს.
შეგახსენებთ, აქამდე ზურიკოს ლიგა 1-ის ლორიანს უკავშირებდნენ.
დავითაშვილს საქართველოს ეროვნულ ლიგაში 14 მატჩში 6 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს.