უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩს ნოტა გადასცა ბოსფორის სრუტეში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხომალდ Sparta II-ის გავლასთან დაკავშირებით, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, სირიიდან რუსეთში S-300PMU-2 სარაკეტო სისტემები გადაჰქონდა, - ინფორმაციას უკრანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 29 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩი იაგმურ აჰმეთ გიულდერე დაიბარა, რომელსაც მინისტრის მოადგილემ, ნიკოლაი ტოჩიცკიმ, აღნიშნულ საკითთან დაკავშირებით ვერბალური ნოტა გადასცა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თურქულ მხარეს სთხოვა, წარმოადგინოს ოფიციალური ინფორმაცია ტვირთის შესახებ, რომელიც ხომალდმა Sparta II ბოსფორის სრუტის გავლით გადაიტანა, ასევე იმ ზომების შესახებ, რომლებსაც თურქეთმა მიმართა კონვენციის დებულებების შესასრულებლად და რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
არსებული ცნობებით, ხომალდი ტარტუსის პორტიდან 20 აგვისტოს გავიდა, ბოსფორის სრუტე 24-25 აგვისტოს ღამით გადაკვეთა და 27 აგვისტოს ნოვოროსიისკში ჩავიდა.