1. უკრაინაში ომის 187-ე დღეა. საბრძოლო მოქმედებები ფრონტის ხაზზე კვლავ გრძელდება. დღეს უკრაინული ძალები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში შეტევაზე გადავიდნენ და ხერსონის ფრონტზე რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს. ბოლო ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ ან თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. უკრაინის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი სისტემა მუშაობს, ისმის საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალების ხმა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების ნაწილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ზეწოლის შედეგად, საკუთარ პოზიციებს ტოვებს და გარბის. მათივე ცნობით, საუბარია ე.წ.ლ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ 109-ე პოლკზე, რომელმაც პოზიციები დატოვა, ასევე რუს მედესანტეებზე, რომლებიც ბრძოლის ველიდან გაიქცნენ. ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბედი. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერისა და დახმარების მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაემგზავრა. როგორც ცნობილია, მისია ადგილზე მიმდინარე კვირაში ჩავა. ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, მისიის მთავარ მიზანს წარმოადგენს: ელექტროსადგურის ფიზიკური დაზიანების შეფასება, უსაფრთხოების სისტემების ფუნქციონირების განსაზღვრა, პერსონალის პირობების შეფასება და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაუდებელი ზომების განხორციელება. რაც შეეხება რუსების დანაკარგებს. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 47 100 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 250 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.