მრავალ ეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად გაიხსნა. სწავლებაში მონაწილე საქართველოს, აშშ-ის, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო წვრთნების დაწყება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას პარტნიორებთან თანამშრომლობასა და რეგიონში სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საერთაშორისო სწავლების გახსნის ცერემონიალს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, ასევე ნატოს ძირითადი ჯგუფის, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ.