ნატო-ს გენერალური მდივნი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ჩრდილოეთში, არქტიკაში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის სტრატეგიული გამოწვევაა. აღნიშნული განცხადება სტოლტენბერგმა კანადაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოსთან შეხვედრის დროს გააკეთა.
მისი თქმით, პლანეტის უკიდურესი ჩრდილოეთ ნაწილი ბოლო დროს სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კანადისა და მთლიანად ნატო-სთვის, სადაც რუსეთი განსაკუთრებით აქტიურობს და სამხედრო ძალებს ზრდის. „რუსული რაკეტებისა და ბომბდამშენებისთვის ჩრდილოეთ ამერიკისკენ უმოკლესი გზა ჩრდილოეთ პოლუსის გავლით იქნებოდა. ეს კი ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს ხდის ჩრდილოეთ ამერიკისთვის და, შესაბამისად, ნატოსთვისაც,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეხვედრისას კანადის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან რეგიონის გეოპოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა და ალიანსის წევრებს შორის მჭიდრო ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად საჭირო გახდა.