საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრების ოთხმა წევრმა სოფიაში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე დღეს ფინალურ ბლოკში იასპარეზა. ლუკა ღვინჯილია (57 კგ), ოთარ ადეიშვილი (79 კგ) ,ლუკა ხუჭუა (97 კგ) და გიგი ქურხული (70 კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოდნენ, მაგრამ წარმატებას მხოლოდ ადეიშვილმა მიაღწია და ტურნირზე ჩვენს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.
დღეს, ფინალურ ბლოკამდე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ფალავნებმა დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში (61, 74, 86, 92 და 125) დაიწყეს გამოსვლა. გაიმართა წინასწარი და ნახევარფინალური დაპირისპირებები. ხვალ ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის ანდრო მარგიშვილი (92კგ) იჭიდავებს, რომელიც ახალგაზრდებს შორის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. ხვალ შეჯიბრზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ ლუკა ჩხიტუნიძე (74კგ) და მძიმეწონოსანი მერაბ სულეიმანიშვილი.