სერია A-ს პირველი ტური, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი ხვიჩა კვარაცხელია გამოდგა, ტურინში, იუვენტუსისა და სასუოლოს მატჩით დასრულდა.მასიმილიანო ალეგრის გუნდმა კარგად დაიწყო და სასუოლო იოლად, 3-0 დაამარცხა. არგენტინელს დიდებული დებიუტი ჰქონდა - ბრწყინვალე გოლით და საგოლე პასით. სწორედ 34 წლის შემტევმა გახსნა ანგარიში, როცა ცაციათი, მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა ბურთი კარში, ხოლო მე-2 ტაიმის სტარტზე დუშან ვლაჰოვიჩს დაეხმარა გატანაში. სერბმა მანამდე პირველი ტაიმის მიწურულს თავისივე გამომუშავებული პენალტი შეაგდო და სეზონი დუბლით გახსნა. აღსანიშნავია, რომ ანხელ დი მარიამ ტრავმა მიიღო და 66-ე წუთზე შეცვლა მოითხოვა. ჯერ უცნობია დაზიანების ხარისხი, მაგრამ ტურინელთა ბანაკში შეშფოთებული არიან. "ბებერი ქალბატონი" მე-2 ტურში სტუმრად გენუის სამპდორიას დაუპირისპირდება.