კომპანია Meta პირველად ისტორიაში შესაძლოა, ობლიგაციების ბაზარზე გავიდეს. ექსკლუზიურ ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, Meta-მ ბანკებს, JPMorgan Chase & Co-ს, Morgan Stanley-ს, Barclays Plc-სა და Bank of America Corp-ს ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტთა ინვესტორებთან შეხვედრების სერიის ორგანიზება სთხოვა. ამ შეხვედრების შედეგად Meta-მ შესაძლოა, ბაზარზე პრიორიტეტული არაუზრუნველყოფილი ვალი განათავსოს.
მანამდე, 3 აგვისტოს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა Meta-ს „AA-“ რეიტინგი, Moody's-მა კი „A1“ რეიტინგი მიანიჭა.
Bloomberg Intelligence-ის უფროსი საკრედიტო ანალიტიკოსი, რობერტ შიფმანი ვარაუდობს, რომ Meta-მ შესაძლოა, 10 მლრდ დოლარზე მეტი ობლიგაციები გამოუშვას. თუმცა Bloomberg 50 მლრდ დოლარამდე ობლიგაციების გამოშვებას პროგნოზირებს.