ტელესკოპი - კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ადამიანების წარმოსახვას ყოველთვის აღელვებდა უზარმაზარი კონსტრუქციები. გარდა იმ ნაგებობებისა, რომელთაც თავისი უნიკალურობით საოცრებების სიაში კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრეს, არსებობს ტექნოლოგიური მოწყობილობები, რომელთა რთული და მასშტაბური კონსტრუქცია თუ შესაძლებლობები უამრავ კითხვას ბადებს და ამავდროულად ჩვენი გალაქტიკის შესწავლაში გვეხმარება. მას შემდეგ, რაც ადამიანმა მინის წარმოება და დამუშავება დაიწყო საუკუნეების განმავლობაში გაკეთებული აღმოჩენებით გიგანტური სარკის საშუალებით გალაქტიკის შესწავლაც გახდა შესაძლებელი. თუ მანამდე ცაზე მოციმციმე ვარსკვლავები თავისი განლაგებით მისტიკურ ისტორიებს უკავშირდებოდა, თანდათან ციური სხეულების გადაადგილების, მათი კანონზომიერებისა და ჩვენს პლანეტაზე ზემოქმედების ასპექტების შესწავლაც გახდა შესაძლებელი. დღევანდელ გადაცემაში მოგიყვებით გიგანტური ტელესკოპების შესახებ, მათი ევოლუციის გზით.
ამ არაჩვეულებრივი მიგნებით უკვე 4 საუკუნეა ადამიანი გალაქტიკის დათვალიერებას ცდილობს. პლანეტების შესასწავლად შექმნილი სპეციალური გლუვი სარკის მოცულობა იზრდება კოსმოსის შესწავლის ტექნოლოგიურ სისწრაფესთან ერთად. ამ დროისათვის დედამიწაზე რამდენიმე უზარმაზარი კონსტრუქციაა რომელიც სხვადასხვა მიზანს ემსახურება: ასტრონომიული ობიექტების შესწავლა, კოსმოსური გამოსხივების მახასიათებლების შეცნობა, პლანეტების აღმოჩენა, შავი ხვრელების და რადიოტალღების მიღება თუ სხვა. რამდენიმე მათგანის სარკის დიამეტრი 10-დან 40 მეტრამდეა წონა კი 20 ტონას აღემატება. მისი დამზადების, გაპრიალებისა და დამუშავების პროცესი თითოეული სპეციალისტისგან უზარმაზარ სიზუსტეს და საოცარ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ამასთან მინის ხარისხი და მისი დამზადების პროცესი ხანგრძლივი და შრომატევადია. მხოლოდ შედგით მიღებული მიღწევები განაწყობს მეცნიერებს კიდევ უფრო მაღალ საფეხურამდე აიყვანონ ოპტიკურ საშუალებათა ხარისხი.
ტელესკოპის ყველაზე ადრეული ვერსია 1608 წელს განეკუთვნება, რომელიც ნიდერლანდებში, კერძოდ მიდელბურგის სათვალეების მწარმოებლის Hans Lipperhey მიერ იყო წარდგენილი. სავარაუდოდ ის არ იყო პირველი და ერთადერთი გამომგონებელი, რომელიც მინის დამუშავებით ცდილობდა სამყაროს შესწავლას. პირველი ხელსაწყო, რომელიც ციურ ობიექტებზე ტელესკოპურ დაკვირვებას აწარმოებდა გალილეო გალილეის მიერ 1609 წელს შექმნილი ამ დროისთვის პრიმიტიულ მოწყობილობად ცნობილი ტელესკოპი გახლდათ.
დღესდღეობით დედამიწაზე 10 უზარმაზარი მასშტაბის ტელესკოპია, რომელთაც განსხვავებული მიზანი აქვთ. ასტრონომიული ობიექტების შესწავლა, კოსმოსური გამოსხივების ხასიათის შეცნობა, ეგზოპლანეტების აღმოჩენა, შავი ხვრელების, ბნელი ენერგიისა და მატერიის კონცენტრირების ადგილების აღმოჩენა. 5 მათგანი ექსტრემალურად დიდად ითვლება. მათი დიამეტრი 10 მეტრს აღემატება.
ერთ-ერთი ასეთი ტელესკოპი დამონტაჟებულია 2 635 მ სიმაღლეზე სერო პარანალის მთაზე, ჩილეში. ეს ლოკაცია საუკეთესოა ციური სხეულების შესასწავლად რამდენიმე ფაქტორის გამო: აქ იდეალური ასტრო-კლიმატია, 300 უღრუბლო დღე წელიწადში, დაბალი ტენიანობა და რამდენიმე კილომეტრის რადიუსით დაუსახლებელი ტერიტორიაა, შესაბამისად დაკვირვებას ხელს არაფერი შეუშლის, კოსმოსური ობიექტების გამოსახულება კი მკვეთრი იქნება. იმისათვის, რომ დანადგარი აქ მოთავსებულიყო - მთის მწვერვალი ააფეთქეს, გაიყვანეს კომუნიკაცია, დაიგო გზა. ტელესკოპის ფართობი 978 კვ მეტრია. 50 წლის განმავლობაში 362 კვ მეტრის რადიუსში არ ჩატარდება არანაირი სამუშაოები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ტელესკოპის ფუნქციონირებას. ამ ტელესკოპის სარკის დიამეტრი 42ის ნაცვლად 39 კვ მეტრია. ეს ცვლილება არასაკმარისი ფინანსების გამო მოხდა. სარკე 800 სეგმენტისგან შედგება, რომლის სისქე 50 მილიმეტრი, დიამეტრი კი 1-4 მეტრია თითოეული. ამ დეტალებს გერმანული კომპანია შოთი ამზადებს. მისი გაპრიალება, აწყობა და ტესტირება ფრანგული კომპანია „რიო სი“-ის ზედამხედველობის ქვეშ იყო. ტელესკოპის ბრუნვადი გუმბათი საოცარი მოცულობისაა 86 მეტრის დიამეტრისა და სრული კონსტრუქციის მასა 5 ათას ტონას გასცდება. მოწყობილობის სიმაღლე 100 მეტრია, რაც გიზეს ჰეფრენის პირამიდაზე სულ რაღაც 30 მეტრით დაბალია. ამასთან ის იქნება კოლიზეუმის, პიზის კოშკისა და სიდნეის თეატრზე უფრო მაღალი დაწესებულება.
ტელესკოპი 15 ჯერ მეტ სინათლეს აგროვებს, ვიდრე მანამდე არსებული ნებისმიერი ასტრონომიული აპარატი, გამოსახულების დეტალიზაციის ხარისხი კი კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე ორბიტალურ ჰაბლს. ამას ხელს უწყობს 5 სარკისგან შემდგარი უნიკალური ოპტიკური სისტემა. რაც შეეხება პროექტზე დახარჯულ სახსრებს, რომელშიც 16 ქვეყნის წარმომადგენლობაა ჩართული 50-დან 70 ამერიკულ დოლარამდე განისაზღვრება, თავად ტელესკოპის ფასი კი მილიარდ დოლარს სცდება. როგორც მეცნიერები აცხადებენ მისი მთავარი დანიშნულება ეგზოპლანეტების აღმოჩენაა, რომლებიც ცოცხალი ორგანიზმების პოტენციურად გამოსადეგი იქნება. მით უფრო რომ ბოლო ათეული წლების განმავლობაში არაერთი ასეთი ობიექტია აღმოჩენილი. ტელესკოპს პლანეტების ატმოსფეროს და მათი თანამგზავრების შესწავლის უნარი აქვს. კაცობრიობა რუდუნებით ელის კვლევითი აპარატების გამოჩენას და გაუმჯობესებას, რადგან ეს ერთ-ერთი გზაა უამრავ პასუხგაუცემელ შეკითხვაზე შემაჯამებელი დასკვნის გასაკეთებლად.