შავი პანტერა ბრუნდება — თუმცა ამჯერად ჩედვიკ ბოუზმენის გარეშე. ცოტა ხნის წინ ვაკანდას სამყაროს ახალი ფილმის, Black Panther: Wakanda Forever-ის პირველი ტრეილერი გავრცელდა, რომელშიც ჩვენს საყვარელ გმირებთან ერთად ახალ პერსონაჟებსაც ვხედავთ.
ფილმის აღწერის მიხედვით, პერსონაჟები ჩედვიკ ბოუზმენის პერსონაჟის გარდაცვალების შემდეგ ვაკანდას წინაშე არსებულ გამოწვევებს უნდა გაუმკლავდნენ.
ტრეილერში შავ პანტერასაც ვხედავთ, თუმცა არ ჩანს, ვინ მოირგო გმირის კოსტიუმი. ფილმის პრემიერა 11 ნოემბერსაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ ჩედვიკ ბოუზმენი 2020 წელს ნაწლავის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება შოკისმომგვრელი იყო გულშემატკივრებისთვის, რადგან ჩედვიკს დიაგნოზი საზოგადოებისთვის არ გაუმხელია.
ამ ტრაგედიამ მარველის ყველა ფანი დაამწუხრა. ამასთანავე, ყველას გაუჩნდა კითხვა, თუ რა ბედი ეწეოდა შავ პანთერას. მარველმა გადაწყვიტა, ჩედვიკის პერსონაჟი სხვა მსახიობით არ ჩაენაცვლებინა და მისი ხსოვნისთვის პატივი ასე მიეგო. ფანების პეტიციის მიუხედავად, რომლითაც ჩედვიკის პერსონაჟის ისტორიის გაგრძელებას ითხოვდნენ, მარველს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.