ზღაპრული სამყარო, ფერადი სივრცე და სახასიათო პერსონაჟები პროფესიით მონუმენტური ხატწერის რესტავრატორ თამთა თოიძეს ეკუთვნის. თამთას პატარაობიდანვე ჰქონდა სურვილი საკუთარი ნამუშევრებით აევსო სახლის კედლები და ირგვლივ ყველაფერი გაეფერადებინა. ყველას ეგონა, რომ სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტზე ჩააბარებდა, თუმცა იმის გამო, რომ იმ პერიოდში ძალიან მოსწონდა თეოლოგიური საკითხები და ქრისტიანული ხელოვნება, გადაწყვიტა სასულიერო სემინარიასა და აკადემიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში გაეგრძელებინა სწავლა. დროსთან ერთად, ნამუშევრებიც დახვეწა და გადაწყვიტა ქართული ორნამენტებით გაფორმებული სარკეები და ზარდახშები შეექმნა.