ბეჭედი - მრგვალი ფორმის უმეტესად ლითონის რკალი, რომელიც ხელის თითებს ამშვენებს გარდა ესთეტიკური ფუნქციისა, ოდითგანვე სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებდა. რკალში მოქცეული ენერგია, მის მფლობელს ძალაუფლებას ანიჭებდა, ამასთან მაღალი სტატუსის ან ავტორიტეტის წარმომჩენი იყო, ორგანიზაციის წევრობის მანიშნებელი და რა თქმა უნდა ქალისა და მამაკაცის შეუღლების სიმბოლო. მითებში, ზღაპრებსა და მხატვრულ ლიტერატურაში ბეჭდები ხშირად სულიერი ან ზებუნებრივი მნიშვნელობითაა დაჯილდოებული. აქვს თუ არა ამ ნივთს ასეთი დიდი შესაძლებლობები, ამას დღევანდელი გადაცემიდან შეიტყობთ.
სიმბოლოების ლექსიკონში ნათქვამია, რომ ხელოვნებაში ბეჭედი ძალაუფლების სიმბოლოა. ამასთან, ეს არის კავშირის დამადასტურებელი. როგორც წესი ეს უჩვეულო სამკაული მეპატრონის უნარებსაც აერთიანებს, ამიტომ მისი შესაძლებლობებიც შესაბამისად ფართოა. სახვით ხელოვნებაში არაერთი ცნობილი ტილო გადმოსცემს ნიშნობის ბეჭდის მნიშვნელობის და მისი გადაცემის ცერემონიალს. ასე მაგალითად რაფაელ სანდტის "ღვთისმშობლის დაწინდვა", წმინდა ეკატერინეს მისტიკური ნიშნობა, და სხვა. რაც ყველაზე საინტერესო და მთავარია, ბეჭდის წრიული ფორმა ოდითგანვე დაუსრულებლობის, მარადიულობისა და სრულყოფილების სიმბოლო იყო. წრეს ახასიათებს ინფორმაციის მიღება, შენახვა და ჩაკეტვა, ისე, რომ შემდეგ მისი გაცემა აღარ ხდება. ნიშნობის ბეჭდის ეს ფორმაც ქალისა და მამაკაცის სიყვარულის, ერთგულების უსაზღვრო სიმბოლოა. ის სამუდამოდ ინახავს ქორწინების დროს შექმნილ დადებით, პოზიტიურ მუხტს.
თავად ბეჭდის, როგორც სამკაულის წარმოშობის ზუსტი დრო და ადგილმდებარეობა უცნობია, თუმცა ის რომ მისი ფესვები ჩვენი ცივილიზაციის უძველეს პერიოდს უკავშირდება ამას არქეოლოგიური აღმოჩენებიც ცხადყოფს. განსაკუთრებით კარგად არის შემორჩენილი ეგვიპტური სამკაულები, რომელთა ასაკი ჩვ.წ.აღ-მდე 2400 წლით თარიღდება და სხვადასხვა ლითონისგან დამზადებულ ძვირფასი ქვით გაწყობილ სამკაულს წარმოადგენს. რაც შეეხება ნიშნობის ბეჭედს - მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მას ძველ ეგვიპტელებს მიაწერენ, ხოლო როგორც ტრადიციის გავრცელებას ძველ ბერძნებს - არაერთი ქვეყანა მიმართავდა ამ ხერხს და რადგან ხელმოსაჭიდი არქეოლოგიური მასალა არ არსებობს, რთულია ამ დავის გადაწყვეტა. ერთი კი ფაქტია, რომ მან ათეულ საუკუნეს გაუძლო და დღემდე მნიშვნელოვანი ატრიბუტია როგორც სამკაული, სიმბოლო და საქორწილო ცერემონიის ნაწილი.
ბეჭედს დღეს ხელის ნებისმიერ თითზე იკეთებენ და ოდესღაც მის განლაგებას თითებზე ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური მნიშვნელობა ჰქონდა. ახლაც ასტროლოგები გვირჩევენ ამა თუ იმ მნიშვნელოვანი ფაქტორის გასააქტიურებლად შესაბამისი ხელისა და თითის შერჩევას. ხშირად, საჩვენებელი თითის მოზრდილი ბეჭდით დატვირთა მბრძანებელთა ძალაუფლების მანიშნებელი იყო, ასტროლოგიური კუთხით ეს მფლობელს თავდაჯერებულობასა და მიზანმიმართულებას შემატებს. შუა თითზე მემკვიდრეობით მიღებული ბეჭედი იკავებდა ადგილს, რაც ამავდროულად სულიერ სიძლიერესაც ააქტიურებს. უსახელო თითზე ბეჭდის ტარება იღბლიანობის მოსაზიდად და პირადი ურთიერთობის დასალაგებლად არის კარგი, ნეკა თითი - დამოუკიდებლობის, ინტელექტუალური სიძლიერის გამომხატველია. ცერა თითზე ბეჭდის ტარება კი ინტუიციას და ცოდნის ადვილად მიღებას უზრუნველყოფს. ამასთან, ის რომ ნიშნობის ბეჭდებს მარცხენა ხელის უსახელო თითზე ათავსებენ უკავშირდება საინტერესო ფაქტს: ერთ დროს ითვლებოდა, რომ უსახელო თითზე ვენა ამორისი - სიყვარულის ვენა გადიოდა, რომელიც პირდაპირ გულს უკავშირდებოდა, შესაბამისად ამ თითზე რკალისებრი ნივთის ტარება ერთგვარი სიყვარულის გამოხატულება იყო. ეს იდეა პოპულარობით სარგებლობდა ჰენრი სუინბერნის ტრაქტატში მეუღლეების შესახებ, ან ქორწინების ხელშეკრულებებში რომელიც 1686 წელს დაწერა. ამბავი, როგორც ჩანს, სათავეს ძველი რომაული წიგნიდან Aulus Gellius Attic Nights იღებდა, სადაც ანატომიურად არის აღწერილი სისხლძარღვების განლაგება და მათ შორის ამორის ვენაც.
ბეჭედი არის უნივერსალური დეკორაცია, რომელსაც უხსოვარი დროიდან პატივს სცემდნენ როგორც მამაკაცები, ასევე ქალები, რადგან ეს აქსესუარი არ იყო მხოლოდ დეკორატიული, ის როგორც სტატუსის, გარკვეული კლასის კუთვნილების, ზოგჯერ კი თილისმაც გახლდათ. სწორედ ამიტომ, მას ატარებენ მამაკაცებიც, თუმცა მისი სტილი და დანიშნულება ოდნავ განსხვავდება. ქალბატონების მსგავსად მამაკაცებიც ატარებენ მას როგორც სამკაულს. საუკუნეების მანძილზე განვლილი გარკვეული კორექცია და მნიშვნელობა 21-ე საუკუნემდე შემოინახა და წრეში მოქცეული სინატიფით, ენერგიითა და იმედით განაგრძობს არსებობას როგორც კაცობრიობის განუყოფელი ატრიბუტი.