უჩვეულო ტუკანი, რომელიც კოდალას შორეულ ნათესავად და მისივე გვარის ყველაზე მსხვილ წარმომადგენლად ითვლება, განსაკუთრებული პატივისცემით სამხრეთ ამერიკაში სარგებლობს, რადგან ადგილობრივი ინდიელები ფრინველს ოჯახური კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევენ.
ბრაზილიისა და არგენტინის, ბოლივიისა და ეკვადორის ბინადარი ტუკანი ერთნაირად კომფორტულად გრძნობს თავს როგორც მთიანი რეგიონების მეჩხერ ტყეებში, ისე დაბლობის ტროპიკულ ჯუნგლებში, თუმცა, იშვიათად იწუხებს თავს ბინის მოწყობაზე, რადგან სხვა ფრინველის მიტოვებული ფუღუროს ან ძველი ბინადრების გაძევებით მათ ბუდეს დაპატრონება ურჩევნია.
ჩვეულებრივ, ნაკლებად გაბარიტული, თუმცა მკვრივი აგებულების ტუკანის მასა მხოლოდ 300 გრამს, სიგრძე კი, 50 სანტიმეტრს შეადგენს. მიუხედავად ბლაგვად წაჭრილი კუდისა, მოკლე ფრთებისა და კიდურებისა, ტუკანს უზარმაზარი ნისკარტის აქვს, რომელიც მის მოკრძალებულ ზომასაც კომპენსირებს და ლურჯ თვალებთან ერთად მთავარ სავიზიტო ბარათადაც ითვლება.
მართალია, 45-სანტიმეტრიანი ნისკარტი, რომელიც თითქმის ტანის სიგრძეს უტოლდება, სიმძიმის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მსუბუქია, რადგან ჰაერითაა გაბერილი და მხოლოდ კერატინის წყალობით ინარჩუნებს სიმტკიცეს. სხვათა შორის, ჭრელი ნისკარტი არა მხოლოდ განსაზღვრავს ფრინველის ინდივიდუალურობას, არამედ ერთგვარ საიდენტიფიკაციო მოწმობადაც მსახურობს ნათესავებისთვის, რადგან სწორედ შეფერილობის წყალობით განასხვავებენ ფრინველები ახლობლებს უცხოებისგან.