ჰარი პოტერის ფილმების შემქმნელმა კინოსტუდია Warner Bros.-მა წიგნების ავტორი ჯოან როულინგი დაიცვა, მას შემდეგ, რაც კომპანიის სახელით მოქმედმა პირმა მედიას განუცხადა, რომ ისინი მწერალთან დაკავშირებულნი არ არიან.კინოსტუდიამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც სააგენტო Sky News-სა და კომპანიის სახელით მოქმედ პირს შორის მცირე უთანხმოება მოხდა. ჟურნალისტმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე პოტერიადის ვარსკვლავს, ტომ ფელტონს, როულინგთან დაკავშირებული შეკითხვა დაუსვა, თუმცა, საუბარში მესამე პირი ჩაერია.ფელტონი, რომელმაც ფილმებში დრაკო მალფოი განასახიერა, ლონდონში შექმნილი ჰარი პოტერის ატრაქციონის ტურში მონაწილეობდა. მსახიობს Sky News-მა ჰკითხა, რას ფიქრობდა მსგავსი ღონისძიებებიდან წიგნების ავტორის დისტანცირებაზე."თქვენ და ფილმების სხვა ვარსკვლავები კვლავ წარმოადგენთ ფრენჩაიზის სახე. თქვენ გესაუბრებით და თქვენ გისმენთ... ჯოანმა კი რაღაცნაირად უკან ჩაიჩოჩა. უცნაური არაა, რომ იგი მსგავს ღონისძიებებში არ მონაწილეობს?", — ჰკითხა ფელტონს ჟურნალისტმა.ამ დროს, მას საუბარი Warner Bros.-ის სახელით მოქმედმა პირმა გააწყვეტინა, რომელიც საგანგებოდ ღონისძიებაზე ხალხთან და მედიასთან ურთიერთობისთვის დაიქირავეს. მან ჟურნალისტს მომდევნო კითხვის დასმისკენ მოუწოდა.მოგვიანებით, Sky News-მა პირის დამსაქმებელ კომპანიას მოსთხოვა, აეხსნათ, რატომ შეაწყვეტინეს ინტერვიუ ჟურნალისტს. PR-სააგენტომ მეილით დაბრუნებულ პასუხში ახსნა, რომ "ჯოან როულინგი აღარაა დაკავშირებული Warner-თან ან ტომ ფელტონთან", ამიტომ მათმა წარმომადგენელმა შეკითხვა არარელევანტურად მიიჩნია.ამის საპასუხოდ Warner Bros.-მა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და განმარტა, რომ როულინგთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობა აკავშირებთ.