უკრაინაში ომის 132-ე დღეა. ქვეყნის მასშტაბით საომარი მოქმედებები გრძელდება. უკრაინელმა დამცველებმა წუხელ ლუგანსკის ოლქში, კადიევკაში რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს. საბრძოლო მასალა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ფეთქდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საწყობი იყო ერთ-ერთი მთავარი იყო ჭურვების მომარაგებისთვის პოპასნაია - სევეროდონეცკი - ლისიჩანსკი - ბახმუტის მიმართულებით.
ამასთან, დნიპროსა და ხარკოვში დღეს დილით აფეთქებების ხმები ისმოდა. მანამდე უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის განგაში იყო გამოცხადებული. გავრცელებული ინფორმაციით, დნიპროში ექვსი აფეთქება მოხდა და ერთ-ერთ ადგილას, სადაც რაკეტის ფრაგმენტები ჩამოვარდა, ხანძარი გაჩნდა. მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს ინფორმაციით, მარიუპოლის მოსახლეობა მედიკამენტების ნაკლებობის გამო იღუპება.
ბოიჩენკოს თქმით, ადამიანები რისკის ქვეშ არიან და რუსული მხარის მიერ მედიკამენტების მიწოდებას ვერ ელოდებიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მისივე თქმით, რუსული მხარე და მარიუპოლის თვითგამოცხადებული ხელისუფლება სასმელ წყალზე, საკმარის საკვებსა და მედიკამენტებზე ნორმალურ წვდომას ბლოკავს. უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ, სამეტაპიანი აღდგენის გეგმისთვის 750 მილიარდი დოლარი (718 მილიარდი ევრო) სჭირდება.
ლუგანოში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე შმიგალმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრის შედეგად უკრაინის ინფრასტრუქტურას 100 მილიარდ დოლარზე მეტი (96 მილიარდი ევრო) პირდაპირი ზიანი მიადგა. ამასთან, შმიგალმა დასძინა, რომ უკრაინის მთავრობას მიაჩნია, რომ აღდგენის გეგმის დაფინანსების ძირითადი წყარო, რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეული აქტივები უნდა იყოს.