ხორვატიაში 2023 წლიდან ეროვნულ ვალუტად ევრო გამოცხადდება - Palitra News

ხორვატიაში 2023 წლიდან ეროვნულ ვალუტად ევრო გამოცხადდება

2022-06-28 08:06:10+04:00

ევროკავშირის ლიდერები სამიტზე შეთანხმდნენ, რომ ხორვატიას 2023 წლის იანვრიდან ევროს გამოყენების უფლება მიეცა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Twitter-ზე დაწერა.

თავის მხრივ, ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩმა Twitter-ზე დაწერა, რომ ქვეყანა ევროზონას 2023 წლის 1-ელ იანვარს შეუერთდება. მან, ასევე, დაამატა, რომ ხორვატია უკვე მეტად ევროზირებული ქვეყანაა, სადაც მეანაბრეთა დეპოზიტების, თითქმის, 75% ევროშია.

პრემიერის ცნობით, ფიზიკურ პირებსა და კომპანიებზე სესხების დიდი უმრავლესობა, ასევე, ევროშია გაცემული, ხოლო ქვეყნის ვაჭრობის 2/3 ევროზონის წევრების წილია. ამასთან, ქვეყანას ტურისტების, თითქმის, 2/3 ევროზონის ქვეყნებიდან სტუმრობს.

ევროზონა ევროკავშირის ფულადი გაერთიანებაა, რომელიც ამჟამად ბლოკის 19 ქვეყანას აერთიანებს. მათი ოფიციალური ვალუტა ევროა. ევროპის სავალუტო კავშირმა ფუნქციონირება 1999 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო, როცა ერთიანი ევროპული ვალუტა, ევრო უნაღდო მიმოქცევაში შევიდა.

ხორვატია ევროკავშირის წევრი 2013 წლის 1-ელ ივლისს გახდა. გაწევრიანებას 10 წელი დასჭირდა. ამჟამად ქვეყნის მთავარი ვალუტა ხორვატიული კუნაა.