ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი იყო, შემოსავლების არასწორ დეკლარირებას სისტემატურად ახდენდა, რითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას თავს არიდებდა. ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად, კომპანიას ჯამში 232 ათას 507 ლარი დაერიცხა, საიდანაც ძირითადი გადასახადი 155 ათას 422 ლარს შეადგენს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.