IKEA რუსეთში თავის საწარმოო ობიექტებში თანამშრომლების რაოდენობას შეამცირებს და ლენინგრადის, კიროვისა და ნოვგოროდის რეგიონებში ოთხივე ქარხნისთვის ახალი მფლობელების მოძიებას დაიწყებს. ამის შესახებ შვედური კომპანიის მიერ Forbes-ისთვის გაგზავნილ განცხადებაში არის ნათქვამი.
IKEA-ს საცალო ბიზნესი რუსულ ბაზარზე ამ დროისთვის დაპაუზებულია, რასაც, განცხადების თანახმად, „ოპტიმიზაცია მოჰყვება, ეს კი ბევრ თანამშრომელს შეეხება.“ კომპანიის შეფასებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ბიზნეს პროცესებსა და მიწოდების ქსელებზე ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა, ამიტომ IKEA გაყიდვების განახლების შესაძლებლობას უახლოეს მომავალში ვერ ხედავს.
განცხადების თანახმად, IKEA რუსეთსა და ბელარუსში საქონლის იმპორტ-ექსპორტს კვლავ დაპაუზებულად ტოვებს, ხოლო MEGA-ს სავაჭრო ცენტრები, ასევე, ბიზნესცენტრი, „ხიმკი ბიზნეს პარკი“ მუშაობას განაგრძობს.