მადრიდის რეალს მარსელო ვიეირა დაემშვიდობა. 34 წლის ბრაზილიელს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა, მხარეები კი მის გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდნენ.
გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია ვალდებებასის ბაზაზე გაიმართა. ბრაზილიელს სიტყვით გამოსვლისას არ დაუმალავს, რომ კარიერის გაგრძელება ევროპაში სურს.
"ყველაფერი გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა და ვფიქრობ, ახალგაზრდებს დიდი მემკვიდრეობა დავუტოვე. ცხოვრება ამით არ მთავრდება, ისტორია ჯერ არ დასრულებულა. დავწერე რეალის ისტორია, მაგრამ ჩემი ცხოვრება გრძელდება, ვფიქრობ, რომ შემიძლია კიდევ ძალიან კარგად თამაში და მინდა ეს დავამტკიცო. არც რეალის წინააღმდეგ თამაში იქნება ჩემთვის პრობლემა, რადგანაც პროფესიონალი ვარ და ეს, სწორედ აქ მასწავლეს“, - აღნიშნა ვიეირამ.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მადრიდულ გრანდში 546 თამაში ჩაატარა და 38 გოლი გაიტანა. მან ამ პერიოდში 25 ტიტული მოიგო და რეალის უმდიდრეს ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი გახდა.