30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ ჰალეში დაწყებულ პრესტიჟულ ტურნირზე მცირე სენსაცია მოახდინა და პირველივე წრეში მსოფლიოს მე-3 ნომრად განთესილ რუს ანდრეი რუბლიოვს 7:6 6:4 სძლია.
თამაში საათსა და 26 წუთს გაგრძელდა და საინტერესო მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა. ნიკოლოზმა პირველივე მოწოდება წააგო და 0:2 ჩამორჩა, რასაც ზედიზედ 5 წარმატებული გეიმი მიაყოლა. შედეგად, საქართველოს პირველი ჩოგანი 5:3-ზე აწვდიდა და სეტ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა, რუბლიოვმა ტაი-ბრეიკამდე მისვლა მაინც მოახერხა. იქ ნიკა გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა 7:1 მოიგო.პირველისგან განსხვავებით, მე-2 სეტში მეტოქეებს ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მიეცათ და ბასილაშვილმა შანსი ჩინებულად გამოიყენა. ნიკას პირველი მატჩ-ბოლი მაშინ მიეცა, როდესაც რუბლიოვი 3:5-ზე აწვდიდა და მართალია, მაშინ რუსი გადარჩა, 5:4-ზე ქართველმა საკუთარი მოწოდება ნულზე მოიგო.
საქართველოს პირველმა ჩოგანმა მხოლოდ 12 უნებლიე შეცდომა დაუშვა და გამარჯვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი სწორედ ეს კომპონენტი გახდა. ამ წარმატების წყალობით, ნიკოლოზმა ანდრეისთან ურთიერთშეხვედრებში წონასწორობა აღადგინა (3:3) და თან რევანში აიღო. ბასილაშვილი გერმანელი ოსკარ ოტესა და სერბი მიომირ კეჩმანოვიჩის შორის გამარჯვებულს შეხვდება.