ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები მაყურებლ სავსე „დინამო არენაზე“ ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან უგოლო ფრეს დასჯერდა. ჩვენი ქვეყნის ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა წინა შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში 7 ცვლილება განახორციელა.
საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ბურთსაც აკონტროლებდა და უმეტესად შეტევას ფლანგებიდან ცდილობდა, სადაც კვარაცხელია და საბა ლობჟანიძე აქტიურობდნენ. ბულგარეთის ნაკრები კი თავს თითქმის მთელი გუნდით კარგად იცავდა. მე-2 ტაიმში სანიოლის გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და ამჯერად, საგოლე მომენტებიც შეიქმნა. 62-ე წუთზე ანზორ მექვაბიშვილის პასით კვარაცხელია მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა, ძლიერად ვერ დაარტყა, რიც გამოც მცველმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა. შეტევა გაგრძელდა და საბა ლობჟანიძის ჩაწოდების შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ თავით დაარტყა, თუმცა მეკარემ ბულგარეთი გადაარჩინა. მასპინძლები უპირატესობას თამაშის ბოლო წუთამდე ფლობდნენ, მაგრამ გადამწყვეტ პასებში ბევრ შეცდომასაც უშვებდნენ და საბოლოოდ, შეხვედრა 0-0 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ ტრადიციულად პრესკონფერენცია გაიმართა.
ვილი სანიოლის განცხადებით, ისინი მათი ამბიციებიდან გამომდინარე იმედგაცრუებულები დარჩნენ, თუმცა საქართველოს ნაკრების ფრანგი თავკაცი 4 შეხვედრაში დაგროვილი 10 ქულით კმაყოფილია. ჩვენი გუნდი მე-4 ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მე-2 პოზიციაზე ჩრდილოეთ მაკედონიაა, რომელმაც პარალელურად გიბრალტარი 4:0 დაამარცხა და 7 ქულა დააგროვა.
საქართველოს ნაკრების წაუგებელი სერია 9 მატჩამდე გაიზარდა.