OECD მდიდარ ქვეყნებში ინფლაციის ზრდას პროგნოზირებს - Palitra News

OECD მდიდარ ქვეყნებში ინფლაციის ზრდას პროგნოზირებს

2022-06-10 07:58:41+04:00

ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში ინფლაცია წელს, საშუალოდ, 9%-მდე დაჩქარდება, რაც დეკემბერში მოსალოდნელ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. ამის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ახალ პროგნოზში წერია, რასაც რუსული Forbes ავრცელებს.

პრობლემა ყველაზე მწვავედ OECD-ის წევრი ევროპის ქვეყნებისთვის დგას. ორგანიზაციის ეკონომისტების შეფასებით, წელს ნიდერლანდებში ინფლაცია 9,2%-ს მიაღწევს, დიდ ბრიტანეთში კი ფასების 8,8%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი, რაც დეკემბერში პროგნოზირებულ 4,4%-იანი ზრდის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. აშშ-ზე OECD-ის პროგნოზი გაცილებით მოკრძალებულია. ორგანიზაციის მონაცემებით, ინფლაცია იქ 5,9% იქნება, დეკემბერის პროგნოზით კი ოდნავ ნაკლები, 4,4% უნდა ყოფილიყო.

ამასთან, OECD-ის ეკონომისტებმა 2022 წელს გლობალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 3%-მდე შეამცირეს, რაც დეკემბრის პროგნოზზე 1,5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. OECD-ის მონაცემები საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე პესიმისტურია, რომელიც მიმდინარე და მომავალ წელსაც გლობალური ეკონომიკის 3,6%-იან ზრდას მოელის.