პირველად 11 წლის განმავლობაში - ევროპის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთს გაზრდის - Palitra News

პირველად 11 წლის განმავლობაში - ევროპის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთს გაზრდის

2022-06-10 07:58:09+04:00

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დაადასტურა, რომ საპროცენტო განაკვეთები 11 წლის განმავლობაში პირველად, ჯერ ივლისში 25 საბაზისო პუნქტით, შემდეგ კი სექტემბერში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

ამის მიზეზი ევროზონაში მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის დონეა - მიმდინარე წლის მაისში ფასები 8.1%-ით გაიზარდა, რაც 1999 წლის შემდეგ, როდესაც ევროკავშირში საერთო ვალუტად ევრო შემოიღეს, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ცენტრალურმა ბანკმა 9 ივნისს განახლებული ეკონომიკური პროგნოზებიც წარადგინა. ახალი პროგნოზით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა კონტინენტზე 2.8%, ინფლაცია კი 6.8% იქნება.

განაკვეთების ზრდასთან ერთად, ივლისიდან ცენტრალური ბანკი აქტივების შესყიდვის პროგრამასაც დაასრულებს, რომელიც ევროზონის სავალო კრიზისის შემდეგ ეკონომიკის სტიმულირების მთავარი ინსტრუმენტი იყო.