ბასილაშვილმა შტუტგარტის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო - Palitra News

ბასილაშვილმა შტუტგარტის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო

2022-06-09 10:18:09+04:00

გერმანიაში მიმდინარე შტუტგარტის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში ლორენცო მუზეტის დაუპირისპირდა და 2 სეტში იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი გუშინ დაიწყო და უამინდობის გამო შეწყდა. შეხვედრა იმ მომენტიდან განახლდა, როდესაც ბასილაშვილი მეორე სეტს 4:2-ს იგებდა. ნიკამ საქმის ბოლომდე მიყვანა შეძლო და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

გეტყვით, რომ პირველი სეტი დაძაბული გამოდგა. მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე არ ცდებოდნენ. ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ ტაი-ბრეიკი უნდა დანიშნულიყო, თუმცა მე-12 გეიმში ბასილაშვილმა მეტოქის ჩაწოდება მოიგო და სეტიც მას დარჩა - 7:5. ნიკოლოზმა მეორე პარტია ზედიზედ მოგებული 3 გეიმით გახსნა და მატჩის შეწყვეტის მიუხედავად, სასურველი შედეგი დააფიქსირა - 6:3.

ცნობისთვის, ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ნიკ კირიოსი გახლავთ. ამ უკანასკნელის წინააღმდეგ ნიკას 1 შეხვედრა აქვს გამართული და 2017 წელს, მასთან 0:2 დამარცხდა.