გერმანიაში მიმდინარე შტუტგარტის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში ლორენცო მუზეტის დაუპირისპირდა და 2 სეტში იმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ მატჩი გუშინ დაიწყო და უამინდობის გამო შეწყდა. შეხვედრა იმ მომენტიდან განახლდა, როდესაც ბასილაშვილი მეორე სეტს 4:2-ს იგებდა. ნიკამ საქმის ბოლომდე მიყვანა შეძლო და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
გეტყვით, რომ პირველი სეტი დაძაბული გამოდგა. მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე არ ცდებოდნენ. ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ ტაი-ბრეიკი უნდა დანიშნულიყო, თუმცა მე-12 გეიმში ბასილაშვილმა მეტოქის ჩაწოდება მოიგო და სეტიც მას დარჩა - 7:5. ნიკოლოზმა მეორე პარტია ზედიზედ მოგებული 3 გეიმით გახსნა და მატჩის შეწყვეტის მიუხედავად, სასურველი შედეგი დააფიქსირა - 6:3.
ცნობისთვის, ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ნიკ კირიოსი გახლავთ. ამ უკანასკნელის წინააღმდეგ ნიკას 1 შეხვედრა აქვს გამართული და 2017 წელს, მასთან 0:2 დამარცხდა.