ფრანგული TOP 14-ს რეგულარული სეზონის ბოლო 26-ე ტური შედეგიანი გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის. ლელოს დადება მოახერხა საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე 9 ნომერმა: ვასილ ლობჟანიძემა და გელა აფრასიძემ.
ლობჟანიძის ბრივი სტად ფრანსეს ესტუმრა და 33:17 სძლია. ვასილი შეცვლაზე გამოჩნდა, 62-ე წუთზე კი სტუმართა კონტრშეტევას კარგად აჰყვა, ფიჯელი ტევიტა რატუვასგან ოფლოუდი მიიღო, ორ მეტოქეს გასცდა და ბურთი ისე დაამიწა.
აღსანიშნავია, რომ ბრიველთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყო ლუკა ჯაფარიძე, ვაკო კარკაძე და სოსო ბეკოშვილი კი, ლობჟანიძის მსგავსად, შეცვლაზე გამოჩნდნენ. სტად ფრანსეს მაისურით ასევე შეცვლაზე ითამაშა გიორგი მელიქიძემ. ბრივმა ამ გამარჯვების წყალობით 46 ქულა მოაგროვა და ელიტარულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
ლამაზი ლელო მიითვალა აფრასიძემაც, რომლის მონპელიეც კლერმონს სტუმრობდა და 15:20 წააგო. ბორჯღალოსანთა 9 ნომერი მინდორზე მე-60 წუთზე გამოჩნდა, შვიდ წუთში კი შედეგიანი შეტევა განახორციელა. გელა იტალიელ თანაგუნდელ პაოლო გარბისის კარგად მიჰყვა, ბურთის მიღების შემდეგ კი, ის დაახლოებით 40 მეტრიდან გადაკიდა და დამიწება აღარ გასჭირვებია. მონპელიე 74 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა და TOP 14-ის ნახევარფინალში თამაში განაღდებული აქვს.