მიმდინარე წლის მაისში საქართველოში 359 238 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის მაისთან შედარებით 228.5%-ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი კი, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 49.7% პროცენტია. ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ მაისის სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, მაისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 264 327 შეადგინა, რაც 173.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის აპრილის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 62.3%-ით არის აღდგენილი.
რაც შეეხება მიმდინარე წლის 1-ელი 5 თვის მაჩვენებელს, იანვარ-მაისში საქართველოში 1 180 034 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის 5 თვის მონაცემებთან შედარებით 257.8%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 39.5% შეადგინა.
ამასთან, 2022 წლის 5 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 906 670 შეადგინა, რაც 213.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მაისის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 54.8%-ით არის აღდგენილი.