საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურში ბულგარეთის ეროვნული გუნდი სტუმრად 2-5 გაანადგურა და მეოთხე ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. სანიოლის გაწვრთნილმა ბიჭებმა ბულგარელებთან ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ დამაჯერებელი რევანში აიღეს.
ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა გიბრალტართან მატჩის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში 5 ცვლილება განახორციელა, მათ შორის სათადარიგოთა სკამზე დარჩენა მოუწია წინა მატჩის ერთ-ერთ გმირს, საბა ლობჟანიძეს. საქართველომ თამაში აქტიურად დაიწყო და პირველი გოლი თამაშის დაწყებიდან მალევე, მეოთხე წუთზე გავიდა. კვარაცხელიამ საჯარიმოში ზურიკო დავითაშვილს კარგი პასი გაუკეთა, რომელმაც მცველს პოზიცია მოუგო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. 31-ე წუთზე ანგარიში გაორმაგდა: საგოლე პასი ამჯერადაც ხვიჩამ გააკეთა, რომელმაც ირაკლი აზაროვი კარგ პოზიციაზე გაიყვანა, დინამო ბათუმის მცველმა კი ზუსტად დაარტყა.
მე-2 ტაიმი ბულგარელთა სწრაფი გოლით დაიწყო, ათანას ილიევმა თავით გაიტანა და საქართველოს ნაკრების მშრალი სერია 54-ე წუთზე შეწყდა. თამაში თითქოს დაიძაბა, მაგრამ 2 წუთში ორბურთიანი სტატუს კვო აღდგა - გიორგი აბურჯანიას შესანიშნავი პასით ბუდუ ზივზივაძემ ახლო მანძილიდან გაიტანა.
მეოთხე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ შეაგდო, რომელმაც პენალტი მოიპოვა და თავადვე გაიტანა. ამის შემდეგ ვილი სანიოლმა კვარაცხელია და ზივზივაძე შეცვალა, მაგრამ მათ ნაცვლად მოედანზე შესულმა გიორგი მიქაუტაძემ და ვაკო ყაზაიშვილმა მე-5 გოლი შექმნეს. 70-ე წუთზე მიქაუტაძის პასით ვაკომ გაიტანა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა. დარჩენილ დროში ბულგარეთმა სხვაობა შეამცირა. ილიან სტეფანოვმა ახლო მანძილიდან შეაგდო. 90-ე წუთზე საქართველოს მე-6 გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ნიკა კვეკვესკირმა პენალტი ვერ გამოიყენა - ბურთი ძელს მოხვდა. საბოლოოდ კი შეხვედრა 2-5 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ საქართელოსთან წაგების შემდეგ, ბულგარეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელი იასინ პეტროვი გადადგა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები 9 ივნისს, სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც ჯგუფში ოთხი ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.