უკრაინის ეროვნულმა ბანკმა ორნიშნა ინფლაციასთან გასამკლავებლად და ეროვნული ვალუტის დასაცავად, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ კოლაფსს განიცდის, საპროცენტო განაკვეთები 10%-დან 25%-მდე გაზარდა.
რუსეთის ქვეყანაში შეჭრის შემდეგ ეს ეროვნული ბანკის პირველი ინტერვენციაა. ბოლოს მსაგვსი ხარჯები სესხის ასაღებად ქვეყანაში 2015 წელს იყო, მაშინაც უკრაინის ეკონომიკა მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიამ დააზარალა.
რუსულმა აგრესიამ ქვეყნის ეკონომიკაზე დამანგრეველი ეფექტი იქონია - მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკა თითქმის განახევრდება. ომის შედეგად უკრაინაში განადგურდა ინფრასტრუქტურა, დაიხურა ბიზნესები, საექსპორტო მარშრუტები კი ბლოკირებულია.
უკრაინაში ინფლაცია ომის დაწყებამდეც მაღალ ნიშნულზე იყო, მაისში კი ფასები 17%-მდე, აპრილთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. წლის ბოლომდე კი ინფლაციის 20%-მდე ზრდაა მოსალოდნელი.