ეკონომიკური გაჯანსაღების ფონზე, 2021 წლის მესამე და მეოთხე კვარტლებში შრომის ბაზრის მაჩვენებლების გაუმჯობესება დაფიქსირდა. ამის შესახებ პრემიერის მიერ პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია აღნიშნული.
კერძოდ, მოხსენების თანახმად, 2021 წლის მეოთხე კვარტალში, 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, უმუშევართა რაოდენობა 5.2%-ით შემცირდა და 291.9 ათასი შეადგინა.
რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2021 წლის მეოთხე კვარტალში 19%-ს გაუტოლდა, რაც 1.5 პროცენტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
ამასთან, მოხსენების თანახმად, 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 71.3 ათასით გაიზარდა.