ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2022 წლის 1-ელ კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.2 პროცენტით გაიზარდა და 38.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2022 წლის 1-ელ კვარტალში მისი მოცულობა 14.1 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 37 პროცენტით მეტია.
საანგარიშო პერიოდში მთლიანი ბრუნვის 66.4 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15.1 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 18.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.
ამასთან, 2022 წლის 1-ელ კვარტალში ბიზნეს სექტორსი დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 673.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.2 პროცენტით მეტია. „საქსტატის“ ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.6 პროცენტი - მსხვილ ბიზნესზე, 20.5 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 37 პროცენტი მცირე ბიზნესზე მოდის.
საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 637.1 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.7 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 889.9 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.7 პროცენტით მეტი).