საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ი საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს. ორგანიზაცია მოელის, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 2.5%-ით გაიზრდება.
უკრაინაში ომის დაწყებამდე კი, 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებდა. ამასთან, S&P Global-მა საქართველოში ინფლაციის პროგნოზსაც გადახედა. ომამდე, ორგანიზაცია 2022 წელს 6.5%-იან ინფლაციას პროგნოზირებდა, ახალი პროგნოზით ინფლაცია წელს საშუალოდ 7% იქნება. გაუარესებულია საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზიც. განსხვავებულია მსოფლიო ბანკის შეფასება.
კერძოდ, მსოფლიო ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინს გააუმჯობესებენ. აღსანიშნავია, რომ უცვლელია საქართველოს მთავრობის მოლოდინიც, რომელიც ქვეყანაში წელს 6%-იან ზრდას მოელის.