აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ 2021 წლის ანგარიშში, წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ აფხაზეთში და "სამხრეთ ოსეთში" ეკლესიების ავტოკეფალიის გამოცხადების ამბიციებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხარს ფარულად უჭერდა. ანგარიშში ასევე საუბარია საქართველოზეც, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არსებული კანონები და პოლიტიკა, საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას უნიკალურ პრივილეგიებს ანიჭებს. სახელმწიფო დეპარტამენტი სექტემბერში ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებზეც საუბრობს. უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშში ნახსენებია დოკუმენტები, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რელიგიური ლიდერებისა და სხვათა თვალთვალიი ჩანს. დოკუმენტი ასევე აჩვენებს პოლიტიკურ ოფიციალურ პირებთან, ჟურნალისტებთან, უცხოელ დიპლომატებთან და სხვებთან მათი საუბრების თვალთვალს. მთავრობამ უარყო დოკუმენტების ლეგიტიმურობა, მაშინ როცა რელიგიურმა ლიდერებმა და ჟურნალისტების ნაწილმა აღნიშნული ფაქტი დაადასტურა. მეტიც, მათი თქმით, თვალთვალმა შემაძრწუნებელი გავლენა იქონია რელიგიურ თავისუფლებაზე. ამასთან, დოკუმენტში საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკაზე, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს დაწესებული საყოველთაო ლოქდაუნის პირობებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაულებზე შეღავათების დაწესებას ეხებოდა.