გერმანიასთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, გერმანული მხარის მიერ გათვალისწინებულია წლიური კვოტა 5 000 ადამიანისათვის. 2021 წლის განმავლობაში შეირჩა და დასაქმდა 308 მოქალაქე, ხოლო 2022 წლის 1 მაისის მდგომარეობით − 132 მოქალაქე. ამის შესახებ პრემიერის მიერ პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებააშია აღნიშნული.
ამასთან, ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიზნით, ბაზაში რეგისტრირებულია საქართველოს 2 076 მოქალაქე. აქედან, ისრაელის მხარის მიერ შეირჩა 60 განმცხადებელი, რომელიც არის ე. წ. „ლატარიის“ ეტაპზე.
ასევე გრძელდება მუშაობა საფრანგეთში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობის გაჩენისათვის. მომზადებულია საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობის პილოტური პროექტი, რომლის თანახმად, იგეგმება საქართველოს 100 მოქალაქის დროებით ლეგალურად დასაქმება.
დამატებით, 2021 წლის 30 ნოემბერს, ხელი მოეწერა „ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ“ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი გახდება საქართველოს მოქალაქეების დროებითი ლეგალური დასაქმება ევროკავშირის კიდევ ერთ ქვეყანაში.
ევროპის სხვა ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, ჯამში 9 ქვეყანასთან (პორტუგალია, ესპანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, კვიპროსი, უნგრეთი, ფინეთი, ბელგია და საბერძნეთი) იქნა ინიცირებული დიალოგი და განსახილველად გაიგზავნა ქართული მხარის მიერ შემუშავებული შეთანხმების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და ქვეყნის მთავრობას შორის ლეგალური დროებითი (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ,” - ვკითხულობთ ანგარიშში.