2022 წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 4 თვეში იმპორტი 87.5 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, საქართველოში 387,166 მლნ აშშ დოლარის საკვები და სასმელი პროდუქტები შემოვიდა, წინა წლის 4 თვეში კი - 299,666 მლნ აშშ დოლარის.
იმ საკვები და სასმელი პროდუქტების ათეულს შორის, რომელიც 2022 წლის 1-ელ 4 თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდა საქართველომ, ლიდერობს შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები - 24,323 მლნ აშშ დოლარით, მას მოსდევს მარგარინი - 24,059 მლნ აშშ დოლარის იმპორტით, მე-3 ადგილზეა - შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები -17,946 მლნ აშშ დოლარით, მე-4 და მე-5 პოზიციებს კი შაქარი და ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი - იკავებენ, რომელთა იმპორტმაც შესაბამისად, 17,156 მლნ და 16,383 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
იმპორტირებული პროდუქტების ათეულში ხვდება ასევე: პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი და სხვა პურფუნთუშეული, ღორის ხორცი, ხორბალი და მესლინი, ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები და ციტრუსების ახალი ან გამხმარი ნაყოფი.