ჩინეთი შესაძლოა, რუსეთთან ენერგეტიკულ ვაჭრობაში რუბლზე ან იუანზე გადავიდეს. ამის შესახებ TASS-ს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ორმხრივი ანგარიშსწორების დროს ბაზრის სუბიექტები ვალუტას საკუთარი საჭიროების შესაბამისად ირჩევენ.
როგორც TASS-ს უწყების ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რუსეთთან ვაჭრობაში ჩინური ბიზნესი რუბლის ან იუანის უფრო აქტიურ გამოყენებას აპირებს. თუმცა დიპლომატი ამბობს, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო სხვა ქვეყნების ვალუტაშიც გადაიხდიან.
როგორც ცნობილია, რუსეთი „არამეგობრული“ ქვეყნებისგან გაზის საფასურის რუბლებში გადახდას მოითხოვს, თუმცა ევროკავშირმა, რომელიც ამ გადასახადს, ძირითადად, ევროში იხდის, მოსკოვს უარით უპასუხა.