სასამართლომ დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა.
ამრიგად თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილსა და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ალექსანდრე ნინუას სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ექვივალენტი ლარში სოლიდარულად დაეკისრათ.
დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ.
საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. ამავე განაჩენით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ბრალეული ქმედებით თავდაცვის სამინისტროს 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.