პარლამენტის ბიურომ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირა.
ბუყროს გადაწყვეტილებით, კანონპროექტს სამივე მოსმენით ერთი კვირის განმავლობაში განიხილავენ და მიიღებენ.
კანონპროექტების ავტორების ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილისა და რატი იონათამიშვილის მოთხოვნას პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე ბიუროს სხდომაზე დებატები მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მმართველ გუნდს მიმართეს საკანონმდებლო ინიციატივაზე პარლამენტს არაჩქარებული წესით ემსჯელა.
“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება არის დასაშვები.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტით კი, ასეთი დავის წამოწყება შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ “მოქმედება/უმოქმედობის“ საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.