უკრაინის დედაქალაქში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, კიევის ოლქში კომენდანტის საათი წესდება. ის დღეს ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიწყება და 23 მარტის დილის 07:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამის“ გვერდზე განაცხადა.
დედაქალაქის მერის განმარტებით, ამ პერიოდში მაღაზიები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები და სხვა დაწესებულებები არ იმუშავებს.
„ამიტომ ყველას გთხოვთ, დარჩით სახლში ან თავშესაფარში. ქალაქში გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ ტრანსპორტი სპეციალური საშვით. დავიცვათ საომარი მდგომარეობის წესები. გვჯეროდეს ჩვენი შეიარაღებული ძალების ! გავუძლებთ! დიდება უკრაინას!“, - განაცხადა კლიჩკომ.