უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირისგან დამატებით 300 მილიონიან მაკროფინანსურ დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მისი თქმით, დღეს მოლაპარაკებების დატვირთული დღე იყო.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პარტნიორებთან მოლაპარაკების მთავარი თემა იყო ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უკრაინას კიდევ უფრო მეტ ძალას მიანიჭებდა არამხოლოდ თავდაცვის, არამედ ეკონომიკური კუთხითაც.
ზელენსკის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა დააჩქაროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება.
"ჩვენ ბიუროკრატიულ პროცესებს, რომელსაც ჩვეულებრივ წლები სჭირდება, ჩვენი სახელმწიფოსთვის კვირებამდე, თვემდე ვამცირებთ. ეს ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ", - განაცხადა მან.
ზელენსკის განცხადებით, არსებული დახმარების გარდა უკრაინა და ევროკავშირი დამატებით 300- მილიონიან დახმარებაზე შეთანხმდნენ.
პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტიც განიხილა.
"ეს ყველაფერი იმისთვის, რათა იგრძნონ, რომ ყველა რაკეტას ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველა ბომბს, ყოველ გასროლას აქვს თავისი ფასი. რუსეთის ბიუჯეტისთვის, რუსული კომპანიებისთვის, რუსული ამბიციებისთვის და კონკრეტული ადამიანებისთვის, რომლებიც განასახიერებენ რუსეთის ხელისუფლებას. და სანამ არ იქნება უკრაინის მშვიდობა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სტაბილურად უნდა გაიზარდოს“, - დასძინა ზელენსკიმ.